ახალგაზრდული მიმართულება



LDA საქართველოს ახალგაზრდული გუნდი მალტაში, ERASMUS+ პროექტის ფარგლებში იმყოფებოდა

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ შერჩეული ახალგაზრდები - დარეჯან სალდაძე და კონსტანტინე ჯაფარიძე, Erasmus + პროექტის ,,Free speech as the bedrock of liberty" ფარგლებში, მალტის რესპუბლიკაში, ქალაქ მარსაშლოკში იმყოფებოდნენ.

პროექტის მიზანი გახლდათ ცნობიერების ამაღლება სიძულვილის ენის, რასიზმის, დისკრიმინაციის, თანასწორობის, ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების შესახებ.

10 დღის განმავლობაში საქართველოს, უკრაინის, მალტის, ესპანეთის, ლიეტუვას, დიდი ბრიტანეთის, დანიის, მოლდოვის, თურქეთისა და სომხეთის წარმომადგენლებმა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღეს სიძულვილის ენის გამომწვევი მიზეზებისა და მასთან ბრძოლის ეფექტური გზების შესახებ; განიხილეს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მიმართ არსებული მდგომარეობა პროექტში მონაწილე სახელმწიფოებში არსებული მაგალითების საფუძველზე; ასევე იმსჯელეს მშვიდობის მშენებლობის პროცესში მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად საერთო პრობლემების წინააღმდეგ კულტურათა შორის დიალოგის აუცილებლობაზე.

პროექტი არაფორმალური განათლების პრინციპით ჩატარდა. მონაწილეები ჩაერთნენ სიმულაციურ აქტივობებში, გამართეს ინტერაქციული პრეზენტაციები და დაესწრნენ პრაქტიკულ სემინარებს.
ახალგაზრდული პროექტის მონაწილეების თქმით, პროექტი იყო ერთ-ერთი გამორჩეული, მათ მონაწილეობა მიუღიათ. საშუალება გაეღრმავებინათ თავიანთი ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვან და მწვავე საკითხებზე; სხვადასხვა კუთხით დაენახათ და შეეფასებინათ განსახილველი თემები. მათივე თქმით, პროექტს უნიკალურობას სძენდა შესაძლებლობა, გაცნობოდნენ პროექტში მონაწილე ცხრა სახელმწიფოში არსებულ მდგომარეობას, თუ რა სამართლებრივი რეგულაციები მოქმედებს და რაომელისოციალური ასპექტები თამაშობს მთავარ როლს სიძულვის ენის რეგულირებისას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროექტი ორეტაპიანია. მეორე ეტაპი 9-15 სექტემბერს უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩატარდება, სადაც მონაწილეები კიდევ უფრო გაიღრმავებენ ცოდნას პროექტის თემატიკასთან დაკავშირებით და იმსჯელებენ გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობასა და სხვათა უფლებების დაცვის აუცილებლობისას მისი შესაძლო შეზღუდვის ფარგლებზე.