ახალი ამბები



,,ინკლუზიური დიალოგი ეფექტური სოციალური პოლიტიკისთვის’’ დასკვნითი კონფერენცია

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ პროექტის - ,,ინკლუზიური დიალოგი ეფექტური სოციალური პოლიტიკისთვის’’ დასკვნითი კონფერენცია გამართა.

შეხვედრის მიზანი გახლდათ პროექტის ფარგლებში გამოკვეთილი საჭიროებების შეჯამება, მიღწეული შედეგებისა და იმ გამოწვევების შეფასება, რომელიც ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში გამოიკვეთა.

შეხვედრაზე ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ხუხუამ ორივე მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევების შედეგად იდენტიფიცირებული სოციალური საჭიროებების დოკუმენტები წარადგინა.

აღნიშნულ კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე - იოსებ ხახალეიშვილი, რომელმაც მსგავსი შინაარსის პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, მარეხ მშვენიერაძემ 2019 წლის სოციალური პროგრამების შედეგები შეაჯამა და 2020 წელს დაგეგმილი პროგრამების შესახებაც ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, იდენტიფიცირებული საჭიროებებიდან 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში აისახება აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების პროგრამა, რომლის მიზანია ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აუტიატური სპექტრის მქონე ბავშვთა სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესება ადრეული დიაგნოსტიკისა და აბილიტაციის პროცესის მხარდაჭერის გზით და ასევე, შინმოვლის პროგრამა, რომლის მიზანი გახლავთ ქალაქ ბაღდათში მცხოვრები შინმოვლის საჭიროების მქონე პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა მათზე სამედიცინო ზრუნვის განხორციელების გზით.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, იდენტიფიცირებული საჭიროებებიდან 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში აისახა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა პროგრამა, რომლის მიზანია ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესება ადრეული დიაგნოსტიკის მხარდაჭერის გზით.

პროექტის მიზანი გახლდათ იმერეთის მხარის ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში სოციალური მომსახურების მიწოდების სისტემის გაუმჯობესების უზრუნველყოფა და ინკლუზიური თანამშრომლობითა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან დიალოგის გზით უკეთესი და საჭიროებაზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის შემუშავება.
პროექტი დაფინანსებულია პროექტ ,,ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართვეწლობისთვის’’ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA) მიერ, World Vision საქართველოს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის (საეა), საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის პარტნიორები არიან ა(ა)იპ „ასოციაცია ქალები რეგიონების განვითარებისათვის“ და ა(ა)იპ „პედაგოგთა კავშირი განათლება და სამყარო“.