ახალი ამბები



ჩვენი ESC მოხალისეები შთაბეჭდილებებს საფრანგეთიდან გვიზიარებენ

ჩვენს მიერ, პროექტ ევროპის სოლიდარობის კორპუსის ფარგლებში, საფრანგეთში გაგზავნილი მოხალისეები - გიორგი ბურჯალიანი და მარიტა ლაღიძე საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ. 

გიორგი: "ძალიან მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, ვიმუშავო ახალგაზრდებთან როგორც საფრანგეთიდან , ისე სხვა ევროპული ქვეყნებიდან. მათგან ვიღებ საინტერესო ინფორმაციას, ევროპული ქვეყნების ცხოვრების სტილის, კულტურის, ხელოვნების, სპორტის თუ ტრადიციების შესახებ. ჩემის მხრივ კი ვცდილობ გავზარდო საქართველოს შესახებ ცნობიერება ადგილობრივ ახალგაზრდებში. მჯერა , რომ ეს ერთი წელი დამეხმარება , როგორც პროფესიული, ისე პიროვნული განვითარების კუთხით".

მარიტა: "პროექტი ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია, რაც საშუალებას გაძლევს ახალი უნარები და თვისებები აღმოაჩნო საკუთარ თავში და მრავალმხრივ განვითარდე. სწავლობ ურთიერთობას განსხვავებული კულტურისა და შეხედულებების მქონე ადამანებთან, და ამასთან ერთად სხვებს უზიარებ შენს ღირებულებებსა და გამოცდილებას. 2 თვიანი ტრენინგების შემდეგ, უკვე ოფიციალურად დავიწყეთ ევროპული და ოლიმპიური ღირებულებების ელჩების სტატუსით მოქმედება და ვფიქრობ, წინ ძალიან საინტერესო და შთაბეჭდილებებით დატვირთული წელი გველის".

მოხალისეები საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში 2019 წლის სექტემბერში გაემგზავრნენ და თორმეტი თვის განმავლობაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, ჩართულნი იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაცია “MEBA-ევროპის სახლის Maison De l'Europe Bordeaux-Aquitaine” მიერ ორგანიზებულ მოხალისეობრივ პროექტში.

აღნიშნული მოხალისეობრივი პროექტის ძირითადი მიზანია ფრანგ მოსწავლეებს,მოზარდებსა და ზრდასრულებში ,არაფორმალური განათლების გზით ,ევროპული ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

წარმატებულ და საინტერესო წელს ვუსურვებთ გიორგის და მარიტას!